ბელგიამ 50.5 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა, რომლებიც რუსულ კომპანიებსა და რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.
გაყინული აქტივები მოიცავს 1 229 ფიზიკური და 110 იურიდიული პირის (რუსი პოლიტიკოსების, მილიარდერების, ბანკებისა და კორპორაციების) სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივებს, ნაღდ ფულსა და აქციებს.
ბელგიური მედიის ცნობით, 50.5 მილიარდი ევრო არის „საოცრად დიდი თანხა“, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალური პირების ადრინდელ შეფასებებს. როგორც გამოცემა De Morgen იხსენებს, ივლისში იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს, რომლის უდიდესი ნაწილი (12 მილიარდ ევროზე მეტი) გაყინული იყო ხუთ წევრ ქვეყანაში.
სანქციების ნაწილი 2014 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, თუმცა, შეზრუდვების უმეტესობა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.
radiotavisupleba.ge