ბელგიის მთავრობა კომპანიებს აფრთხილებს, რომ თუ, მინიმუმ, 20 თანამშრომელი ჰყავთ, 1-ლი აპრილიდან არასამუშაო საათებში პერსონალის მიუწვდომლობაზე შეთანხმება უნდა ჰქონდეთ გაფორმებული. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს.
კომპანიების სამუშაო ხელშეკრულებაში ან შრომის რეგლამენტში მომდევნო თვის დასაწყისამდე უნდა აისახოს „გათიშვის უფლების შესახებ“ შეთანხმება, რომელიც არასამუშაო საათებში თანამშრომლების მიუწვდომლობის უფლებას ითვალისწინებს.
კერძოდ, სამუშაო საათების შემდეგ დამსაქმებელს აღარ ექნება უფლება, თანამშრომელს დაუკავშირდეს, თუ გაუთვალისწინებელი ან განსაკუთრებული, გადაუდებელი გარემოება არ არსებობს. HR-სერვისის მიმწოდებელ კომპანია Liantis-ში აცხადებენ, რომ „ასეთი გარემოებები და პრაქტიკული პირობები დამსაქმებელმა შრომის ხელშეკრულებაში უნდა ჩამოაყალიბოს ან ისინი დასაქმების მოქმედ წესებში აისახოს.“
Liantis-ის შეფასებით, ინსტრუქციებში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება, დასაქმებული სამუშაო საათების შემდეგ შეაწუხოს.