ბელგიაში კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს.
ბელგიურ გამოცემა Le Soir-ის ცნობით, ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერძენი პოლიტიკოსი ევა კაილი, ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილდ ბრიუსელში დააკავეს. დაკავების მიზეზი რამდენიმე თვის წინ დაწყებული საქმე გახდა, რომელიც კატარის მიერ ევროპარლამენტში გავლენის მოპოვების მიზნით მოსყიდვის მცდელობას ეხება.
ფედერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით, გამოცემა The Guardian იტყობინება, რომ ბელგიის სამართალდამცავები თვეების განმავლობაში ეჭვობდნენ რომ კატარი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე „დიდი თანხების გადახდით ან დიდი საჩუქრების შეთავაზებით“
პოლიციის ოპერაციის სამიზნე ევროპარლამენტარების თანაშემწეები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ გადამწყვეტი როლი ეთამაშათ კანონმდებლობის ფორმირებაში.
ბელგიის ფედერალური პროკურორის განცხადების თანახმად, წერს The Guardian, ბელგიის პოლიციამ ჩაატარა ჩხრეკა ბრიუსელის რაიონში, მათ შორის ქალაქის ცენტრში და ამოიღო 600 000 ევრო, ასევე კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. საქმეში ამ ეტაპზე ოთხი ეჭვმიტანილია.
„თუ კავშირები დადასტურდება, ეს იქნება ბოლო პერიოდში ევროპარლამენტში ყველაზე დიდი კორუფციული საქმე“.
თავად ევროპარლამენტი ამჟამად თავს იკავებს ოფიციალური კომენტარებისგან.