კოჯორში მდებარე ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკის ბედი ობიექტის გასხვისებიდან ორი წლის შემდეგაც გაურკვეველია.
„იბეროტელის“ დირექტორი ივანე ბარბაქაძე ორი კვირის განმავლობაში „კომერსანტს“ მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობას ჰპირდებოდა, თუმცა რა ფუნქციური დანიშნულება ექნება უძრავ ქონებას, როდის დაიწყება მშენებლობა, მოხდება თუ არა არქიტექტურულად გამორჩეული შენობა-ნაგებობებისთვის ძველი, ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ამ კითხვებზე ინვესტორის პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კოჯრის მდებარეობიდან გამომდინარე ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობის დაწყება შეუძლებელი იყო, ამიტომ საჭირო გახდა მდგრადობის ხარისხის დასადგენი კვლევის ჩატარება.
სამთავრობო კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სახელმწიფომ 22 560 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები კოჯორში 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული აგარაკები 2021 წლის 15 აპრილს შპს „იბეროტელმა“ იყიდა. აუქციონში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ბიჯების რაოდენობა 434 იყო. კოჯრის გამორჩეული აგარაკის ახალ მფლობელს საინვესტიციო ვალდებულებები არ აქვს, თუმცა აუქციონის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მიმდინარეობს წარმოება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, ინვესტორი ცნობილი შენობების იერსახის შეცვლას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აგარაკი რუსეთის ბოლო მეფისნაცვლის მოღვაწეობის პერიოდშია აშენებული. ამ შენობაში 1921–24 წლებში რეპრესირებულთა დაობლებული ბავშვების თავშესაფარი იყო. გასაბჭოების შემდეგ კი კოჯორში ყველა შენობა საქალაქო სამმართველოს გადაეცა. მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული ლურჯი შენობა, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს აგარაკი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე ბავშვთა ბანაკი მოეწყო, მოგვიანებით კი ტერიტორია მიატოვეს და წლების განმავლობაში სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა. შენობას ეს ეტყობა კიდეც - ჩალეწილია ფანჯრები, აყრილია იატაკი, კედლები დამწვარია, სახურავი კი ჩამოშლილია.