ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში ოთხშაბათს დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო. მიზეზი თანამშრომლების გაფიცვა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
ოთხშაბათს ბერლინის აეროპორტში დაახლოებით 300 რეისი უნდა განხორციელებულიყო. გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტით უნდა ესარგებლათ.
დაგეგმილი გაფიცვა ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ავიაკომპანიებმა ზოგიერთი ფრენა ხუთშაბათს გადადეს, ზოგი კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს, როგორებიცაა დრეზდენი და ლაიფციგი.
2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში გაფიცვამ გავლენა ამ რაოდენობის რეისებზე მოახდინა.