კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მოსალოდნელი გადატვირთვის ფონზე, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში არავაქცინირებული პირებისთვის კოვიდუსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ბერლინის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალი წესების თანახმად, მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები დაიშვებიან ისეთ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, გალერეები ან საკონცერტო დარბაზები.
ეს წესი ასევე ვრცელდება სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებზე, დასასვენებელ ობიექტებზე, როგორიცაა საუნები და თერმული აბანოები. არავაქცინირებულ პირებს ასევე აღარ შეუშვებენ გასართობ პარკებში, ზოოპარკებსა და ბოტანიკურ ბაღებში მდებარე დახურულ ადგილებში. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება საპარიკმახეროებზე, სილამაზის სალონებსა და საცეკვაო სტუდიებზე.
აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება 18 წლამდე ასაკის პირებზე ან იმ პირებზე, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო ვაქცინის მიღება არ შეუძლიათ. აღნიშნულ კატეგორიას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვება.
გერმანიაში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა პანდემიის დაწყებიდან უმაღლეს დონეს მიაღწია. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ავადობის შვიდდღიანი მაჩვენებელი (გასული კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა) 303-მდე გაიზარდა.
imedinews.ge