2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა. როგორც „საქსტატში“ აღნიშნავენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4%-იანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი. როგორც „კომერსანტთან“ არსის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა, სავარაუდოდ „საქსტატმა“ იანვარში მშენებლობის სექტორში გაცემული ხელფასები დეკემბრის მონაცემებს შეადარა და ცხადია, რომ კლება მიიღო.
„არ ვიცი „საქსტატის“ მეთოდოლოგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „საქსტატის“ იღებს იანვარში მშენებლობის დარგში გაცემულ ხელფასებს, ადარებს დეკემბერში გაცემულ ხელფასებს და დააფიქსირეს, რომ არის შემცირება.
ლოგიკა მანდ შეიძლება იყოს შემდეგი, მშენებლობაზე ანაზღაურებას იღებენ მოცულობიდან გამომდინარე, ანუ რა სამუშაოსაც ასრულებ. თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი, მშენებლობის დარგში ასე არ არის. მშენებლობაზე არის ის სამუშაო დღეების მიხედვით რასაც მუშაობენ და იმ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, იღებენ ანაზღაურებას.
იანვარში არის ბევრი დასვენების დღე, იანვარი არის ყველაზე პასიური თვე მშენებლობაში. სხვა დღეებში თუ შაბათ-კვირასაც კი მუშაობენ მშენებლობაზე, იანვარზე ნახევარი თვე ან 10 დღე საერთოდ არ მუშაობენ. ახალი წლებია, თან ბევრი ადამიანია, რომლებიც რეგიონიდან არიან ჩამოსულები, ახალ წლებზე და აღდგომებზე არის კიდევ ასე, ჩერდება მშენებლობა. ჩვენ ვინც ოფისში ვმუშაობთ, იანვარშიც იგივე ანაზღაურებას ვიღებთ რაც დეკემბერში ავიღეთ, მშენებლობაში კი იანვარში უფრო ნაკლებია. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ ეს მეთოდოლოგია აქვს საქსტატს და ამის მიხედვით დათვალა. ჯამურად შეადარეს დეკემბერი იანვარს, ერთადერთი ახნა ეს არის, თორემ იანვარში ზოგადად ხელფასების შემცირება არ მომხდარა“, - აცხადებს ორთოიძე.