სამოგზაურო და გასართობი ამერიკული გამოცემა Best Life-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დათვალიერებას ურჩევს. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ზაქარი მაქის სტატიაში „10 საუკეთესო მუზეუმი, რომელსაც უნდა ეწვიო“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორის მოხვდა. სტატიაში საქართველოს, აშშ-ის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, თურქეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, თურქეთისა და ეგვიპტის მუზეუმებია აღწერილი.
„დედამიწაზე არ არსებობს კუთხე, რომელსაც საკუთარი ისტორია არ ჰქონდეს, მაგრამ ექსპერტების აზრით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გავლენა საზღვრებს სცდება და ვიზიტორებში აღფრთოვანებას იწვევს“, - წერს ზაქარი მაქი.
სტატიაში National Geographic-ის მოგზაური მწერლის ჯო იოგერტის ციტატაა მოყვანილი. ჯო იოგერტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და National Geographic-ის სპეციალური გზამკვლევისთვის თბილისის შესახებ სტატია მოამზადა.
„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეკრებილი კოლექციები ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და კავკასიაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს. არქეოლოგიური საგანძური ყველაზე საოცარი ექსპონატია. აქ წარმოდგენილია საქართველოს სამეფოს ოქროსა და ვერცხლის რელიკვიები. მუზეუმში საბჭოთა ოკუპაციის დარბაზს იხილავთ, სადაც საბჭოთა კავშირის მიერ ქართველი ერის ჩაგვრა, დისიდენტთა სისტემატური დახვრეტები და ქართული კულტურის განადგურების კამპანიაა ნაჩვენები,“ - წერს National Geographic-ის მოგზაური ჯო იოგერტი.