საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე მცირდება. ცვლილება, რომელიც ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხებს შეეხება, 16 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ცვლილების ამოქმედების შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს სესხს, შედეგად კი გაიზრდება მოთხოვნა უზრუნველყოფილ სესხებზე.
„ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეჯერებული იყო სექტორთან და მუდმივად მიმდინარეობდა სექტორთან მოლაპარაკებები. 4-წლიანის 3 წლამდე შემცირება შეეხება არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს. ხშირ შემთხვევაში 4-წლიანი სესხს მომხმარებლები იღებდნენ ყოველთვიური გადასახადებისთვის და ნაწილობრივ ფარავდნენ უკვე არსებული დავალიანებებს, ამ ცვლილებით საკმაოდ დიდი რაოდენობა ამას ვერ შეძლებს. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია მეორე ცვლილებაც, რომელიც მცირე შემოსავლიან პირებს შეეხებოდათ და გულისხმობდა სესხის გაცემის დროს 25%-იანი კოეფიციენტის გამოყენებას 1000-ის ნაცვლად 1500 ლარზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრი ადამიანი ვეღარ მიიღებს სამომხმარებლო სესხს. ვფიქრობ, შედეგად შესაძლებელია, რომ გაიზარდოს უზრუნველყოფილი სესხები, როგორც იპოთეკური, ასევე ავტო სესხები“, — აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველია სამომხმარებლო სესხებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირება.
„სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება. სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ის ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში“,- განმარტა გვენეტაძემ.
ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების ვადიანობას, ამჟამად სამომხმარებლო სესხების ნაშთში სწორედ 2-დან 4 წლამდე სესხები ჭარბობს, რომელთა მოცულობაც 3.45 მილიარდი ლარია. 1-დან 2 წლამდე კრედიტების ზომა 500 მილიონი ლარია, 1 წლამდე კრედიტების კი 120 მილიონი ლარია.