ახლა ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული რამდენად ხელს შევუშლით ინფექციის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნილოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ნიშანი გვაქვს, აუცილებლად სახლში უნდა დარჩეთ.
„თუ ადამიანს სხვა რისკის დამატებითი ფაქტორი არ აქვს ასაკთან შეჯაჭვული ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, არ ინერვიულოს, როგორც გაციებული ადამიანი, ასე უნდა გავჩერდეთ სახლში, სითხე დავლიოთ, თუ ტემპერატურა იქნება 38-ნახევარი, მივიღოთ დამწევი. 112-თან დაკავშირების შემდეგ ოჯახის ექიმი დაუკავშირდება. შეიძლება ეს ვერ მოხდეს 3-4 საათში, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს არ არის სწრაფი და ელვისებური განვითარების ინფექცია, ამიტომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, იყავით მშვიდად და აუცლებლად დაგიკავშირდებიან“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge