ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ყოველდღიურად, მოცირკულირე შემთხვევები 60-70 ათასზეც შეიძლებოდა ასულიყო. ალბათ, ახლა ამ მასშტაბთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ჩვენ უკვე პიკურ სიტუაციაში ვართ, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, ახლა მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლზე მოდის.
„პანიკურ სიტუაციაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია რამდენია მძიმე პაციენტი და რამდენი საწოლი გვაქვს დარჩენილი კლინიკაში. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია და ქვეყანას ამ პაციენტების მართვა შეუძლია. სხვა ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რომ მართვის მეტი მოდელი არ არსებობს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლზე რისკები გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ, ალბათ, ახლა მთავარი პრიორიტეტიზაციაა, რადგან პაციენტს ძირითადი კონტაქტი ექიმთან სჭირდება, თუ მას რისკის დაავადება აქვს, აქვს ასაკი და თუ აუცრელია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 732 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge