საერთო სამუშაო სივრცეები საქართველოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, ამ მიმართულების განვითარების ავტორად კი Terminal-ი მოიაზრება. როგორც მისი ხელმძღვანელი ჯინო დოლინი „კომერსანტთან“ ამბობს, co-working-ის განვითარებას და მნიშვნელოვან ზრდას ხელს უშლის ბინების ოფისებად გაქირავების ტენდენცია, ამიტომ უცხოეთის მსგავსად საჭიროა ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღება.
„კონკურენცია ძალიან კარგია, რადგან წლების განმავლობაში ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით და სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ამ სფეროში აქტიურობა. კონკურენცია კარგია იმისათვის, რომ უკეთესი ვიყო, ბაზარზე დაარეგულიროს ფასი, ზრდის მოთხოვნად და ცნობადობას და ა.შ. ბოლო პერიოდში ყოველ თვე დაახლოებით ერთი საერთო სამუშაო სივრცე იხსნება და ეს კარგია, თუმცა რამდენად გაუძლებს ამას საქართველოს პატარა ბაზარი, ეს სხვა საკითხია.
სანამ რეგულაციები არ დაწესდება ბინების ოფისებად გაქირავებაზე, მანამდე რთული იქნება ჩვენი ინდუსტრიისთვის ისეთი ზრდა, როგორიც ევროპასა და ამერიკაშია. მაგალითად, ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია ბინა იქირაოს და ის გამოიყენოს კომერციული საქმიანობისთვის, რაც ევროპაში და ამერიკაში აკრძალულია. საზღვარგარეთ ასეთ შემთხვევაში ან ქირაობენ კომერციულ ფართებს ან მიმართავენ საერთო სამუშაო სივრცეებს. ჩვენთან კომერციული ფართის ქირაობა, იმისთვის რომ საქმიანობა განახორციელო არ არის აუცილებელია, ამიტომ ჩვენი ინდუსტრია უფრო ნელი ტემპით ვითარდება. ვიმედოვნებ, ეს რეგულაციები ჩვენთანაც შემოვა“, — ამბობს ჯინო დოლინი.
ჯინო დოლინიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ტერმინალს“ 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.
„ჩვენი მიზანია ეს ბრენდი ქვეყნის გარეთ გავიტანოთ, შესაძლოა ეს იყოს ევროპის რომელიმე ქალაქი ან ემირატები. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ბათუმში დავამატოთ მეორე ფილიალი, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, შესაძლოა „ტერმინალის“ და მსხვილი საერთაშორისო ბრენდის კოლაბორაცია შედგეს, თუმცა ეს ყველაფერი ამ ეტაპზე სამუშაო პროცესია და უახლოეს თვეებში უფრო მეტად იქნება შესაძლებელი დეტალებზე საუბარი“, — განმარტავს ჯინო დოლინი.
ცნობისთვის „ტერმინალი“ საქართველოს მასშტაბით 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.