უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნა ჩაცხრა, თუმცა ფასები არ იკლებს, რის გამოც ადგილობრივებს ფართების დაქირავება უჭირთ. როგორც კომპანია ,,კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა რუსებისა და უკრაინელების მხრიდან მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს ტენდენცია 2 კვირაზე მეტხანს რეალურად ვერ გაგრძელდა.
გარდა ამისა, როგორც გოგუაძე აღნიშნავს, რუსი მოქალაქეები, ასევე უკრაინელი ლტოლვილებიც, გრძელვადიან ხელშეკრულებებს აუქმებენ და იმაზე ადრე ტოვებენ დაქირავებულ ფართებს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.
,,უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში რუსების დიდი რაოდენობა შემოვიდა. ბევრია უკრაინელი ლტოლვილიც. მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ერთბაშად გაიზარდა, მაგრამ ამას მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ შოკური მომენტი იყო და სიტუაცია ჩაცხრა. ბოლო 1 კვირაა, თვითონ ბინის მფლობელებიც აფიქსირებენ, რომ ლტოლვილები დაქირავებულ ფართებს ტოვებენ. რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩვენც გვქონდა. ვინმე თუ ფიქრობს, რომ რუსები და უკრაინელები ბინებს იყიდიან, კომერციულ ფართებს დაიქირავებენ და სხვა, ასე ნამდვილად არ არის. მსგავსი ფაქტები იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა სიტუაცია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ლტოლვილს ხომ უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომ ხარჯს გაუმკლავდეს. არც დასაქმებაა იოლი, არ მგონია, ასეთ პირობებში ხანგრძლივად საქართველოში დარჩენა ბევრს მოუნდეს. ყველაფერი ეს უძრავი ქონების ბაზარზე აისახება“, - აცხადებს გოგუაძე ,,კომერსანტთან“.
მისი თქმით, ბინას აქვს ლოგიკური ფასი და როცა აჟიოტაჟი საბოლოოდ მინელდება, ფასიც თანდათან კლებისკენ აიღებს გეზს.
,,საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მეტნაკლებად სტაბილურია. საბაზრო კონტექსტიდან ამოვვარდით და ამან შექმნა რიგი პრობლემა, რაც უნდა მოწესრიგდეს დროთა განმავლობაში. 300 დოლარიან ბინას რომ 600 დოლარად დაიქირავებ, ეს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება. ახლა სრული ქაოსია, მოთხოვნა არ არის იმის გამო, რომ გაძვირებულ ბინებს ვერ ქირაობს მოსახლეობა და ფასის შემცირებას ელოდება, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გასტანს ეს გაურკვევლობა და პანიკა გაივლის“, - ამბობს ნელი გოგუაძე.
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი მარტში, თებერვალთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, ამ სეგმენტში ფასების წლიურმა ზრდამ 48,4% შეადგინა.
მარი ჩიტაია