ბირმაში (მიანმარი) სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, აუნ სან სუ ჩის. ის დამნაშავედ ცნეს წაქეზებაში და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სანიტარული შეზღუდვების დარღვევაში.
ეს აუნ სან სუ ჩის პირველი განაჩენია მას შემდეგ, რაც ზამთარში ხელისუფლება სამხედრო ხუნტამ ჩაიგდო ხელში. ყოფილ მრჩეველს კიდევ რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. საერთო ჯამში მისთვის თავისუფლების აღკვეთამ 100 წელზე მეტს შეიძლება მიაღწიოს.
აუნ სან სუ ჩი 76 წლისაა. 2016 წელს მან სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა დაიკავა და ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა ბირმის მთავრობას.
1 თებერვალს სამხედროებმა ჩამოაგდეს აუნ სან სუ ჩის მთავრობა. ხუნტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში აუნ სან სუ ჩის პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება მასობრივი გაყალბების შედეგი იყო. ივლისის ბოლოს არჩევნების შედეგები გაუქმდა.
ხელისუფლებაში ხუნტის მოსვლიდან მალე ბირმაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. მათი დაშლის დროს ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.