ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ და უზრუნველყოფენ, რომ უკრაინა თავის თავდაცვის უფლებას გამოიყენებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობის როლს „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებაში.
„ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ჩვენ სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ვუზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა შეძლებს რუსების ამ თავდასხმისგან თავის დაცვას. სწორედ ახლა რუსეთის ლიდერები განსაკუთრებით საშიშ ბირთვულ რიტორიკას იჩენენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებულები არ არიან. მისი გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტის ხასიათი შეიცვლება. ამ კონტექსტში საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოა. არასოდეს გამოიყენოთ ბირთვული იარაღი“, – თქვა სტოლტენბერგმა.