ევროპის ცენტრალური ბანკის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ახალი ტალღისთვის ნიადაგს აშშ-ს ფედერალური რეზერვიც (Fed) ამზადებს.
ეროვნული ბანკების ბრძოლას მაღალ ინფლაციასთან მსხვერპლად ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად კრიპტოვალუტების ფასებიც ეწირება. დაახლოებით, 1-კვირიან შუალედში Bitcoin-ის ღირებულებამ 17%-იანი კლება განიცადა და 18,461 დოლარი ღირს, Ethereum-ი კი კიდევ უფრო მეტით, თითქმის 27%-ით შემცირდა და მისი ფასი დღეს 1,294 დოლარზეა.
Fed-ის პოლიტიკას განსხვავებული ეფექტი აქვს დოლარის კურსზე - მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში მიმოქცევაში დარჩენილი ნაკლები დოლარის ფლობა უფრო მომგებიანი ხდება და შესაბამისად, მისი ფასიც იმატებს.
დოლარის კურსი ახლა კვლავ 20-წლიან მაქსიმუმზეა. ინდექსმა, რომელიც ამერიკული ვალუტის კურსს ექვს უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ზომავს, 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს, 110.7-ს გადააჭარბა.
გამყარებული დოლარი არა მხოლოდ სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკებისთვისაა თავის ტკივილი, რადგან უძვირებს მათ იმპორტს (საერთაშორისო ვაჭრობაში სწორედ დოლარი გამოიყენება), არამედ კრიპტოვალუტებისთვისაც - ინვესტორები სწორებას დოლარზე აკეთებენ და თანხას აბანდებენ, შედარებით არასტაბილურ კრიპტოაქტივებს კი ყიდიან, რაც მათ ფასზე უარყოფითად აისახება.
ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები წელს უკვე გაზარდა 0%-დან 2.25-2.50%-მდე და როგორც მოსალოდნელია, შემდეგ სხდომაზე, რომელიც 20-21 სექტემბერსაა ჩანიშნული, ზრდა კიდევ 0.75%-იანი იქნება.