ბიტკოინის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 23%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 21,200 დოლარს აღწევს. კრიპტოაქტივის კაპიტალიზაცია კი 410 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმის ფასი კი 1,600 დოლარამდეა გაზრდილი, ბოლო ერთ კვირაში მისი ღირებულება 21%-ითაა გაზრდილი.
„კრიპტომატის“ დირექტორი იოსებ ბოლქვაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება, რადგან ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და პირდაპირ კავშირშია ჭარბი ფულადი მასის გაჩენასთან.
„ციფრული აქტივები, მათ შორის ბიტკოინი ძალიან არის მიბმული ამერიკის მონატერულ პოლიტიკაზე და იმაზე, თუ რა ხდება ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში. უახლოესი რამდენიმე თვე იმის მოლოდინი, რომ გლობალურ ეკონომიკაში რაიმე რადიკალურად შეიცვალოს არ არის, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ციფრული აქტივების ფასები ან გაიყინება არსებულ მაჩვენებელზე ან შესაძლოა მცირედით შემცირდეს კიდეც. გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლებამდე სავარაუდოდ მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება, რადგან ასეთი მაღალრისკიანი აქტივები, როგორიც ბიტკოინია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და პირდაპირ კავშირშია ჭარბი ფულადი მასის გაჩენასთან“, — აღნიშნავს იოსებ ბოლქვაძე.
ბოლო კვირის მონაცეებით, გაძვირებულია მსხვილი კრიპტოაქტივებიც, მათ შორის: Solana +46%; Avalanche +37%; Polkadot +23%; Polygon +21%; Dogecoin +16%; XRP +15%.