სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, ორი კვირის წინ მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში მთავრობამ დამატებით 150-ზე მეტი 350 მლნ ლარამდე ღირებულების ობიექტი გამოიტანა გასაყიდად.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა და პროექტი უპრეცედენტოა, პრივატიზაცია კი უცხოელი ინვესტორების, რომლებიც ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველჰყოფენ, მოსაზიდად დაჩქარდა.
„ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რადგან უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
თუმცა, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი ვერც ქართველ და ვერც უცხოელ ინვესტორებში ჯერჯერობით ვერ გამოიწვია, მაგალითად გუშინ აუქციონზე გამოტანილი 10 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მაღალია მსგავსი საპრივატიზაციო ობიექტებით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი მსგავსი საწარმოების შეძენისას.
ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ უცხოელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება არის, თუმცა რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის შეთავაზებული ფასი, ბიუროკრატიული ბარიერები ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან, აქტიური მარკეტინგული კამპანიის არარსებობა და სასამართლო რეფორმის საჭიროება.
„საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ დაინტერესება ალბათ იქნება თუ შარშანდელი საწარმოების გასხვისებას გავითვალისწინებთ, მაგრამ ნაკლებია უცხოელების მხრიდან. თუმცა გარდა იმისა თუ რამდენად საინტერესო ობიექტები არის წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია შეთავაზებული ფასი. ფასის გარდა, მნიშვნელოვანია საპრივატიზაციო ობიექტების თანმდევი საინვესტიციო მიმართულებები, მაგალითად ე.წ. ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფო რამდენჯერმე იყო გამოტანილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის გეგმა, რომელსაც ინვესტორს სთხოვენ იყოს შეთანხმებული წინასწარ თუნდაც მერიის სამსახურთან, ვინაიდან შესაძლოა დაინტერესების მიუხედავად მსურველმა ვერ განახორციელოს პროექტი თუ ეს დეტალები არ არის წინასწარ დათვლილი ან რაღაც ეტაპზე მთავრობასთან ვერ შეთანხმდა. საჭიროა დეტალებში ჩაღრმავება და ისეთი პროექტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რითაც ნაკლებ ბარიერს გადააწყდება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის დროს, თუნდაც ნებართვების თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა განახორციელოს აქტიური კამპანია, საელჩოების და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით, რათა ინტერესი გაიზარდოს. პანდემია მართალია პრობლემაა, მაგრამ რიგი კომპანიები ამას განიხილავენ როგორც შესაძლებლობას რომ მომგებიან გარიგებებში შევიდნენ სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ობიექტების შესყიდვის კუთხით.
ახალი საერთაშორისო ინვესტორები აკვირდებიან უკვე არსებული ინვესტორების აქტივობას და ინტერესდებიან საკითხების მოგვარების კუთხით რა ვითარება არის ქვეყანაში და ა.შ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი არის უკვე შემოსულ ინვესტორებზე მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და რაც უმნიშვნელოვანესია, ესაა სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: 50-ზე მეტი საბადოს ლიცენზია - საწყისი ფასი 50 მლნ ლარი; 50 სასოფლო-სამეურნეო მიწა - საწყისი საპრივატიზებო თანხაა 19 374 500 ლარი; ლოკაციები გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა.