სავაჭრო პალატის „ბიზნეს კვლევების სახლმა“ ჩაატარა პირველი მოცულობითი და კომპლექსური კვლევა „საქართველო — მიმოხილვა და ბიზნეს მოლოდინები 2021“.
როგორც „კომერსანტს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, კვლევის პერიოდში გამოიკითხა ბიზნეს სექტორი, უცხოელი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. მათივე ინფორმაციით, ,,ბიზნეს კვლევების სახლი“ ყოველწლიურად გააკეთებს ანალოგიურ კვლევას ბიზნეს მოლოდინების შეფასების მიზნით. აღნიშნულ კვლევაში სრულყოფილადაა მოცემული სახელმწიფო, კერძო სექტორის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობა. შესაბამისად, კვლევაში ასახულია ყველა ზემო ჩამოთვლილის პოზიცია.
კვლევის ფარგლებში შესაძლებელია გაეცნოთ ნათია თურნავას, კარლ ჰარცელი, დავით სონღულაშვილის, კატარინა ჰანსენის (EBRD) და შეინ როზენტალის ((ADB) პოზიციებს. მათ შორის: 2021 წლის გეგმებს, მოლოდინებს, პროგნოზებს, დაგეგმილ პროექტებს, ბიზნესის/ინვესტიციების მხარდამჭერ პროექტებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
„კვლევის შინაარსი მოიცავს არამხოლოდ პროგნოზებს, არამედ წინა წლების მაჩვენებლების ანალიზსაც. ბუნებრივი და ლოგიკურიცაა ის ფაქტი, რომ კვლევის ფარგლებში განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია პანდემიაზე, მის ეფექტებსა და პოტენციურ შედეგებზე 2021-ში. ამ ნაწილში, უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სწრაფი და განსაკუთრებული მხარდაჭერა პანდემიის დროს.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩვენ მოვახდინეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; ტურიზმი; მშპ-ს ზრდის პროგნოზის ანალიზი, როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ასევე ქართველი ეკონომისტების ხედვების გათვალისწინებით. მაგალითად, 2021 წლისთვის საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკის ზრდას 3.5% - 4.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ. აღნიშნული თანხვედრაშია ადგილობრივი ეკონომისტების მოლოდინებთან, რომელთა უმეტესობა 2021 წელს მშპ-ს ზრდას 3-5%-ის ფარგლებში ელოდება. ეკონომისტთა უმეტესობის მოლოდინებით, შემდეგი 5 წლის მანძილზე ეკონომიკის საშუალო ზრდა ასევე 3-5%-ის ფარგლებში იქნება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პროგნოზით 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში შემცირდა, საქართველოს წამყვანი უცხოური ინვესტორი კომპანიებიდან, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, 2021-2025 წლების პერიოდში ისინი კვლავ აპირებენ ინვესტირებას.
ვინაიდან კვლევა ყოველწლიური იქნება, ცხადია მომავალში კვლავ გავითვალისწინებთ ყველა ძირითად ფაქტორს და მუდმივად შევაფასებთ არსებულ ვითარებას. მათ შორის, ვეცდებით ეფექტურობა გავზომოთ“, — განაცხადა სავაჭრო პალატის მიერ დაფუძვნებული ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
კვლევის მიხედვით, 2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა უპრეცედენტო იყო - საქართველოს მთავრობისთვის IFI-ების მხარდაჭერის მზადყოფნამ ჯამურად 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 1.1 მლრდ დოლარი უკვე გამოიყო 2020 წელს. გარდა ამისა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა 700 მლნ დოლარის ღირებულების ლიკვიდობა მიაწოდეს ქართულ კომპანიებს, ძირითადად ქართულ ბანკებს. 2020 წელს მხარდაჭერის მთავარი სფეროები იყო პანდემიასთან დაკავშირებული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში.
„2020 წლის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასტურდება წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ღონისძიებებითაც. მაგალითად, EBRD-მა ხელი მოაწერა ჯამურად 750 მლნ დოლარის ღირებულების პროექტებს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, ხოლო ADB-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ღირებულებამ 700 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.
რაც შეეხება საგრანტო მხარდაჭერას, მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარეობს 150-ზე მეტი პროექტი, რომელიც ფინანსდება საქართველოს პარტნიორი მთავრობების მიერ, მიმდინარე პროექტების ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 888.9 მილიონ დოლარს.
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების პროექტების დიდი უმრავლესობა ხორციელდება USAID-ის ჩართულობითა და მონაწილეობით. USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დროიდან ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.
კლევის მიხედვით პანდემია ყველაზე მტკივნეულად შეეხო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს. 2020 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 80%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით. გამოკითხულ სასტუმროთა უმეტესობას პანდემიიდან გამომდინარე მოუწია სასტუმროს დროებითი დახურვა, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეგიონებში კონცენტრირდა შიდა ტურიზმზე და თბილისში არსებული სასტუმროების უმეტესობა გადაკეთდა „კოვიდ სასტუმროდ“.
რაც შეეხება 2021 წელს ტურისტების რაოდენობას 2019 წელთან შედარებით, გამოკითხულ სასტუმროთა ყველაზე დიდ ნაწილს (37%) სჯერა, რომ წელს შესაძლოა ტურიზმი 2019 წლის დონის 0-30% ფარგლებში იყოს, თუმცა 2019 წლის ტურისტების ნახევარს ან მეტს ჯამურად რესპოდენტების 44% ელოდება“,— განმარტავენ სავაჭრო პალატაში.
რაც შეეხება სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარ გამოწვევებს 2021 წელს, როგორც „სავაჭრო პალატაშია“ აღნიშნული, სასტუმროებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ერთის მხრივ საბანკო ვალდებულებების მომსახურება, ხოლო მეორეს მხრივ ტურისტების მოზიდვა.
„2021 წლისთვის საქართველოს ბიზნეს სექტორის წამყვანი კომპანიების მოლოდინები შემდეგნაირად ნაწილდება: კომპანიების 22% თვლის, რომ ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო 44%-ის აზრით თითქმის უცვლელი დარჩება, დარჩენილი ნაწილი კი ეკონომიკის გაუარესებას მოელის. გამოკითხულთა უმეტესობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ დონეს მიაღწევს.
გამოკითხული მსხვილი კომპანიების 78% 2021 წელს აპირებს ინვესტირებას, თუმცა უმეტესი მათგანი აქვე აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ტემპი ნაკლები იქნება. ასევე, გამოკითხულთა 44% აპირებს შემდეგი ხუთი წლის მანძილზე ინვესტიციების ზრდას 2015-2020 წლის დონესთან შედარებით.
წინასწარი პროგნოზით 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიოში შემცირდა. საქართველოს წამყვანი უცხოური ინვესტორი კომპანიებიდან, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, 2021-2025 წლების პერიოდში ისინი კვლავ აპირებენ ინვესტირებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესად მცირე და საშუალო სიდიდის საინვესტიციო პროექტებში განხორციელდება ($30 მლნ-მდე; $30-70 მლნ) ძირითადად ტურიზმის, უძრავი ქონების და წარმოების სექტორებში“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.