2023 წელს უძრავი ქონების ფასების 10%-იან ზრდას პროგნოზირებენ კომპანია „არსში“. როგორც დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი ბესო ორთოიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, 2023 წელს ფასების ზრდა უძრავი ქონების სექტორში, 2022 წლისგან განსხვავებით, შედარებით სტაბილური იქნება.
„თუ უძრავი ქონების ფასებს აღმოსავლეთ ევროპის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, მათ არ ჩამოუვარდებით. ფასების ზრდის დინამიკა რაც სხვაგან იყო, იგივე ტენდენცია იყო ჩვენთანაც.
მგონია, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, მოთხოვნაც არსებობს. თუმცა უფრო ბუნებრივი მოცულობით და არა ისეთი მოცულობით, რაც 2022 წელს იყო. 2023 წელს, წესით, მაქსიმუმ 10%-იანი ზრდა იქნება.
2022 წელს როგორც იცით 20-25%-იანი ზრდა იყო. ანუ ზრდას 2023 წელსაც ველოდებით, თუმცა უფრო სტაბილურს“, - აცხადებს კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.