კერძო სექტორი მუშაობს გეგმაზე, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, დაზარალებული ოჯახების საქართველოში ჩამოყვანასა და მათ რეაბილიტაციას გულისხმობს. ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
„რთული პროცესი დაიწყება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. ახლა მუშავდება პროექტი, რომ საქართველოში ომისგან დაზარალებულ ოჯახებს ვუმასპინძლოთ. უკრაინიდან მივიღოთ ბავშვები, ქალები, დაჭრილები და მათ რეაბილიტაციაში აქტიურად დავეხმაროთ. ეს სრულად კერო სექტორის ინიციატივაა. ამ ეტაპზე პროცესში სხვა არავინ მონაწილეობს. ვგულისხმობ სახელმწიფო სუბსიდიას“,- აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.
საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა ნაწილმა დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მზად არიან უსასყიდლოდ უმასპინძლონ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს.
„გვინდა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადოთ და გვერდში დავუდგეთ. ახლა რაც შეგვიძლია, გახლავთ ის, რომ საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტები და ბიზნესის წარმომადგენლები განვათავსოთ სასტუმროებში და ისინი საკვებით უზრუნველვყოთ,- განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დახმარების ინიციატივა გუშინ გაჟღერდა. წამოწყებას მალევე შეუერთდა არაერთი, სასტუმრო, კვების ობიექტი და კერძო პირი.
businessformula.ge