ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კიდევ ერთი დავა დაიწყო. Myway Airlines-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი 8 დეკემბერს შეიტანა. ავიაკომპანია იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა აეკრძალა. კომპანიის იურისტი თამარ მამფორია აცხადებს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და დისკრიმინაციული.
„ვითხოვთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბრძანების გაბათილებას და Myway Airlines-ის საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანის მოწმობის ძალაში დატოვებას.როდესაც მხარე სასამართლოს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების მოთხოვნით მიმართავს, კანონი რიგ შემთხვევებში ითვალისწინებს გასაჩივრებული აქტის შეჩერებას. ჩვენს შემთხვევაში აქტი შეჩერდება, თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ საკითხი, რომელიც სადავო გახდა, არ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას. Myway Airlines-ის შემთხვევაში ფრენების უსაფრთხოების საკითხზე საუბარი არასდროს ყოფილა, სააგენტოს კითხვები ჰქონდა საკორპორაციო სამართლებრივ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე აქტის მოქმედებას შეაჩერებს“, - განაცხადა თამარ მამფორიამ.
მისივე თქმით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებით Myway Airlines ყოველდღიურად 140 000 დოლარის შემოსავალს ვერ იღებს რამაც, მისი განცხადებით, შესაძლოა, კომპანია გააკოტროს. იურისტს იმედი აქვს, რომ სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ პოზიციას გაიზიარებს.
„საქმეში რამდენიმე გარემოებაა მნიშვნელოვანი - პირველი არის ის, რომ საფუძველი, რომელსაც მხარეს ედავებოდნენ, წარმოების პროცესშივე გამოსწორდა. ეს ეხებოდა უცხოელი პარტნიორის მიერ წილის ფლობას კომპანიაში, რაც კანონთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, სააგენტოს შეეძლო საქმე დაეხურა და ასეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილება არ მიეღო. მაგრამ, არჩიეს წარმოების გაგრძელება და ეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს.
ძალიან სერიოზულ ფინანსურ ზარალს იწვევს კომპანიისთვის, ყოველდღიური გარანტირებული შემოსავალი, რაც შეიძლება კომპანიას ჰქონდეს არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, არის 140 000 დოლარი. კომპანიამ დიდხანს თუ ვერ შეძლო მუშაობის განახლება, გადახდისუუნარო გახდება, რადგან გადაზიდვა-გადაფრენის ოპერაციები არის ის ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელიც კომპანიას გააჩნია“, - თქვა კომპანიის იურისტმა.
„კომერსანტთან“ საუბარში თამარ მამფორია ამბობს, რომ Myway Airlines -მა პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს წერილით უკვე მიმართეს. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები საკითხით დაინტერესდებიან და ბიზნესს შეხვდებიან, რათა საკითხის მოგვარების სწრაფი გზა მოიძებნოს.
ბაჩო ადამია