ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა, იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ზრდა გამოწვია. პანდემიით მიყენებული ზარალის შემდეგ, ბიზნესის მორიგი გამოწვევა სწორედ ეს აღმოჩნდა. ბიზნესი გამოსავალს პროდუქციის ადგილობრივ წარმოებაში ხედავს.
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის თქმით, საქართველო უფრო მეტად ეროვნული პროდუქციის წარმოებაზე უნდა გადაერთოს და ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს.
„აუცილებელია უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რათა იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს საქართველოში წარმოებული საკმარისი პროდუქტი და არ ვიყოთ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც სხვადასხვა კრიზისის დროს იწვევს ინფლაციას და ფასების ზრდას. ჩვენ ვითვალისწინებთ ქართველი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას, რომელიც მკვეთრად განსხვავდება უცხოელი ტურისტისგან, ამიტომ ჩვენთან ფასის ცვლილება არ ყოფილა და არც ვგეგმავთ.“ - განმარტავს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.
„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მსგავსად ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად, პროდუქციის ფასის ზრდას არ აპირებს „ჩირიანა“.
„პრობლემა არის ის, თუ რა იწარმოება საქართველოში, როგორია ინვესტიციები და ა.შ. მნიშვნელოვანია, ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალოს და საქართველოში ბევრი რამ იწარმოოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებით ძალიან დამოკიდებული ლარისა და დოლარის კურსის ცვალებადობაზე. მაგალითად ჩვენ, ქართული მწარმოებლები ვართ, თუმცა რაღაც ნაწილი იმპორტირებულია. იმპორტის ნაწილი ძვირდება, ხოლო ადგილობრივის ფასი უნდა შევინარჩუნოთ. სხვა გზა არ არის, პროდუქტს ძვირად ვერ გავყიდი, რადგან ხალხს ფული არ აქვს. ასე რომ, ჩვენ სტაბილურად იმ ფასებში ვიმუშავებთ, რომელიც იყო“ - აცხადებს „კომპანია“ ჩირინას დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.