საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ტურისტული სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში უნდა შევიდეს.
განმარტებითი ბარათში წერია, რომ კანონის მიღება აუცილებელია ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით შექმნილი რთული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ირკვევა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, ბიზნეს სუბიექტებს საგადასახადო ტვირთი ქონების გადასახადის ნაწილში შეუმსუბუქდებათ, რაც მათ საქმიანობას ხელს შეუწყობს.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, 2022 წელს, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს დაახლოებით 39 მლნ. ლარი დააკლდება. შეღავათით კი ჯამში 3 080 გადამხდელი ისარგებლებს. შეღავათის ოდენობამ გასულ წელს 34.8 მლნ. ლარი შეადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში ცვლილება შედის, რომლის შესაბამისადაც, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სასტუმროები, მსგავსი დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები. რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, ასევე სასმელებით მომსახურების საქმიანობები. ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.
ამასთან, ცვლილების თანახმად, ამ შემთხვევაში საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
პროექტით, აღნიშნულთან მიმართებაში ასევე განსაზღვრულია „შენიშვნა“, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.
კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ მიზანშეწონილია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. მათი განმარტებით, ასვე მნიშვნელოვანია, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. რადგან ამ სუბიექტების მიმართ 2022 წლის 1–ლი აპრილიდან წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით ხდება შესაბამისი საურავების დარიცხვა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული, ირმა ზავრადაშვილი და რამინა ბერაძე.
ბაჩო ადამია