„წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ როგორც კი გავაკეთებ ან შევიძენ რამეს“, — ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს მის მიერ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ხიდაშელმა პირდაპირი პასუხებისგან თავი შეიკავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს - „ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“.
„დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ საუბრობთ ვარაუდებზე და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება, არსებობს კონკრეტული პროცედურები, რომელსაც იცავს „ეროვნული ბანკი“ იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ ბანკში ხდება აქციონერების ცვლილება და შესაბამისად, ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავით ხიდაშელი საქართველოში ძირითადად კარტოგრაფების საქმით გახდა ცნობილი. ბიზნესმენთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა ასევე „რიყის დოქები“. მასვე 49 წლიანი იჯარით გადაეცა რაჭაში ტყის ნაწილი, სადაც სამონადირეო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი დავით ხიდაშელი „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ შეძენასაც გეგმავს.