ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ ღორების ფერმის პროექტი ერთი თვით შეაყოვნა. კორონავირუსის პანდემიის დროს ხორცპროდუქტების კომპანია წარმოებასა და რეალიზაციას შეფერხებების გარეშე ახდენს, თუმცა, მათ მიერ დაგეგმილი რძის პროდუქტების საწარმოს პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
„პრიორიტეტი ღორების ფერმის პროექტს მივანიჭეთ, რათა მხოლოდ ჩვენი და ნატურალური პროდუქტი იყოს ჩვენს დახლებზე.. ყველის წარმოება შევაყოვნეთ რადგან , ამ ეტაპზე დიდი ინვესტიციაა საჭირო. გარდა ამისა, საკმარისი ადამიანური რესურსი კრიზისულ პერიოდში არ გვაქვს, თუმცა, მოგვიანებით აუცილებლად გვექნება ყველისა და რძის წარმოებაც.
ღორების ფერმის პროექტი თითქმის დასრულებულია, მაგრამ სპეციალისტი, რომელმაც უნდა დაამონტაჟოს ვერ ჩამოდის საზღვრების ჩაკეტვის გამო, ასე რომ, ალბათ ერთი თვით გადაიდება. ჯერჯერობით ტვირთების გადაზიდვა აკრძალული არ არის და ასე რომ პროდუქციის მარაგზე პრობლემა წესით არ უნდა შეგვექმნას. საწარმო და მაღაზიები დაბრკოლების გარეშე მუშაობს იმიტომ, რომ მთელ ჯაჭვს, ფერმიდან მოხმარებლის კალათამდე სრულად ჩვენ ვაკონტროლებთ. პირუტყვიც ჩვენია, მათი პირველადი დამუშავების საწარმოც ჩვენია, შესაბამისად, გაყიდვის ობიექტებიც ჩვენია და გარემო პირობებზე მინიმალურად ვართ დამოკიდებული. ერთადერთი რაც შემოგვაქვს შვეიცარიიდან ეს არის გარსაცმი (ნაწლავი) და სანელებლების რამდენიმე სახეობა, თუმცა მარაგი იმდენი გვაქვს რომ ჯერ შემოტანა არ გვჭირდება.“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი თათია არაბიძე.
კომპანია საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. რაჭაში მას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ რაჭაში საქონლის ფერმებს ქსელს 2015 წლის ივნისიდან ფლობს. როგორც კომპანიის მენეჯერი თათია არაბიძე „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ყველისა და რძის პროდუქტების ქარხანა რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში აშენდება და მასში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი იქნება რეინვესტირებული.
მარიამ მორგოშია