ბიტკოინის მაქსიმალური შესაძლო ოდენობის ანუ 21 მილიონი ბიტკოინის 90% უკვე მოპოვებულია. მონაცემებს ბლოკჩეინ-ტრეკერი, Blockchain.com ავრცელებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ბაზარზე, დაახლოებით, 18,89 მილიონი BTC-ის მონეტაა. ამ მიზნის მიღწევას, თითქმის, 12 წელი დასჭირდა. პირველი ბიტკოინები 2009 წლის 9 იანვარს მოიპოვეს.
თუმცა Blockchain.com-ის შეფასებით, დარჩენილი 10%-ის ანუ 2,11 მილიონი მონეტის მოპოვებას კიდევ 120 წელი დასჭირდება და მინიმუმ 2140 წლის თებერვლამდე არ დასრულდება. ამის მიზეზად პორტალი ქსელური აქტივობის შეფასებებს, მაინინგის მზარდ სირთულეებსა და ბიტკოინების კლების გრაფიკს ასახელებს.
2010 წელს BTC-ის მაქსიმალური ოდენობის 10% იქნა მოპოვებული, როცა მონეტის კურსი მხოლოდ 10 ცენტი იყო. 2012 წელს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი ბიტკოინების 50% ივაჭრებოდა. მაშინ BTC-ის ღირებულება 7,5 დოლარამდე გაიზარდა.
ორშაბათის საღამოს ვაჭრობაზე ბიტკოინის ღირებულებამ 47,1 ათასი დოლარი, ამ კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ კი 890,9 მლრდ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსმა აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია და ერთი მონეტა, დაახლოებით, 69 ათასი დოლარი ღირდა.
ამჟამად მაინერები თითოეული მოპოვებული ბლოკისთვის 6.25 ბიტკოინს იღებენ. მოელიან, რომ ეს ჯილდო 2024 წელს 3.125 ბიტკოინამდე დაეცემა.
კრიპტოანალიტიკური პლატფორმა Chainalysis-ის მიხედვით, 3,7 მილიონი ბიტკოინი სამუდამოდ დაიკარგა, რისი მიზეზიც კრიპტო საფულეების პირადი გასაღებების დაკარგვა და მათი მფლობელების გარდაცვალებაა. კიდევ ერთი მილიონი ბიტკოინის მფლობელი არის კრიპტოვალუტის შემქმნელი, სატოში ნაკამოტო, ანუ ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ფსევდონიმს იყენებს.
არსებობს მრავალი თეორია იმის შესახებ, თუ რატომ არის ბიტკოინის ბლოკჩეინზე მონეტების რაოდენობა მხოლოდ 21 მილიონამდე შეზღუდული. თავად მისი შემქმნელი, სატოში ნაკამოტო წერდა, რომ ბიტკოინი ერთ დღეს მსოფლიოს წამყვანი ვალუტა გახდება და მას გამოთველბში აქტიურად გამოიყენებენ. ამდენად, თუ მსოფლიოში მხოლოდ 21 მილიონი ბიტკოინის მონეტა იქნება, მაშინ თითოეული მათგანი თავიდანვე გაცილებით ძვირი ეღირება.
bpn.ge