აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც ცივი ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე იყო, დღეს მშვიდობიანი ატომის დარგში მწვავე კონკურენციის ველი გახდა. აშშ ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე ისეთი ამერიკული გიგანტების შეყვანას, როგორც General Electric Co., Westinghouse Electric Co., და Bechtel Group Inc.
რამდენიმე კვირის მანძილზე ამერიკელებმა ახალი ატომური რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მემორანდუმი რუმინეთთან, პოლონეთთან და ბულგარეთთან გააფორმეს.
ამერიკული ატომური ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის დროს დაიწყო და სავარაუდოდ, ეს მიდგომა ახალი პრეზიდენტის პირობებშიც გაგრძელდება.
ამ ბაზარზე შტატების ძირითადი კონკურენტები ჩინეთი და რუსეთია. ამერიკელების მთავარი უპირატესობაა დაფინანსების წყაროებთან უკეთესი წვდომა, რამაც შესაძლოა მოწინაამღდეგეებს საქმე გაუფუჭოს.
„ატომური პროექტების რეალიზება ისეთ ქვეყნებში, როგორც რუმინეთი, ბულგარეთი, და პოლონეთი, შესაძლოა დაჩქარდეს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები მათ დაფინანსების წყაროების მოძიებაში დაეხმარებიან, თანაც კონკურენტულ ფასებში“ - განაცხადა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის Deloitte-ის რუმინული წარმომადგენლობის პარტნიორმა რაზვან ნიკოლაესკუ.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები რუსულ ენერგომატარებლებზე, და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომლის გამოც მათ ატომური ენერგეტიკის განვითარება სურთ. დამატებით სტიმულებს ასევე მავნე ნივთიერებების გამოყოფის მკაცრ ევროპულ ნორმებს ქმნიან, რომელთა დაცვა არც თუ ისე ადვილია.
ატომურ ტექნოლოგიებში მომუშავე ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის გარეთ საქმიანობის უფლება ათწლეულების მანძილზე არ ჰქონდათ, თუმცა, 2018 წელს ეს ნორმა გაუქმდა, და საერთაშორისო ბაზარი ამერიკელებისთვის გაიხსნა. შედეგად, აშშ შეეცდება საკუთარი ადგილის დამკვიდრება ბაზარზე, რომელის მოცულობაც უახლოესი 10 წლის მანძილზე 500-700 მლრდ. დოლარად ფასდება. მაგრამ ეს მარტივი საქმე არ იქნება. დღეს ამ ბაზარზე ჩინეთი და რუსეთი დომინირებენ, და თავიანთი წილის დათმობას არ აპირებენ.
რუსული მხარე ამერიკული კომპანიების მიერ დადებულ კონტრაქტებში ვერაფერს საგანგაშოს ვერ ხედავს, რადგანაც ამ ეტაპზე მათ ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის აუცილებელი რესურსები არ გააჩნიათ - განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
მისი ვარაუდით, ამერიკელები ძირითადად არა მშენებლობით არამედ უკვე აშენებული ობიექტების მომსახურეობით დაკავდებიან.
რუსულ სახელმწფო კორპორაცია „როსატომში“ ასევე მიიჩნევენ, რომ კონკურენცია განსაკუთრებით მწვავე არ იქნება, რადგანაც რეგიონში მრავალი პროექტის რეალიზების შესაძლებლობები არის.
ამ ეტაპზე ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს - მაგალითად, უნგრეთი, სადაც ატომური ელექტროსადგურის გაფართოების 10 მლრდ. ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება. თუმცა, არის ქვეყნები, ისეთები, როგორც უკვე ხსენებული პოლონეთი, რუმინეთი, და ბულგარეთი, რომლებიც უპირატესობას შტატებთან თანამშრომლობას ანიჭებენ.
„მთავარი საკითხია დაფინანსება. ატომური პროექტები ძალიან ძვირადღირებულია, და მათ ძირითადად სახელმწიფოები აფინანსებენ. აღმოსავლეთ ევროპაში დაფინანსების გარდა შესაძლებელია პრობლემური აღმოჩდნეს მშენებლობის პროცესების ვადებში მრავალწლიანი ჩამორჩენა. საბოლოო ჯამში, შესაძლებელია მათი დროზე ადრე შეწყვეტა“ - მიიჩნევს Bloomberg Intelligence-ის ექსპერტი ელჩინ მამადოვი.
რუსეთს და ჩინეთსაც აქვთ უპირატესობები - კერძოდ, ისინი კლიენტებს სრულ მომსახურეობას სთავაზობენ, რადგანაც მთელს საჭირო ტექნოლოგიებს თავად ფლობენ. ეს კი ამერიკული კონცერნებისთვის პრობლემაა - აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ენერგობლოკების მშენებლობის საერთაშორისი ბაზარზე ამერიკა თითქმის არ ჩანს.
„აშშ-მ თავისი გლობალური კონკურენტული უპირატესობები დაკარგა და ამ ეტაპზე მსოფლიო ლიდერი ბირთვულ ტექნოლოგიებში არ არის“ - თვლიან უწყების ექსპერტები.
bloomberg.com
თენგიზ აბლოთია