AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ახალ გლობალურ კლინიკურ ცდას ჩაატარებენ, - ამის შესახებ AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა Bloomberg-ს განუცხადა.
მისი თქმით, კვლევის მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ვაქცინა უფრო ეფექტური იმ შემთხვევაში, როცა მისი შედარებითი მცირე დოზის გამოყენება ხდება.
AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდის პირველადმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატმა უკეთესი შედეგი აჩვენა იმ მონაწილეებში, რომლებსაც კვლევის დროს შეცდომით ჯერ ვაქცინის ნახევარი დოზა გაუკეთეს, შემდეგ კი სრული, რამაც მეცნიერების ნაწილს კითხვები გაუჩინა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილეებს ვაქცინის ორი სრული დოზა გაუკეთეს, მისი ეფექტურობა 62 %-ი იყო, იმ შემთხევაში კი, როდესაც ჯერ ვაქცინის ნახევარი, შემდეგ კი სრული დოზა გაუკეთეს, ვაქცინის ეფექტურობა 90%-მდე გაიზარდა.
ipn.ge