რუსული კონცერნი „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას ოქტომბრიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პირველი ხაზით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველ ოქტომბერს უნდა დაიწყოს, თუმცა ევროპაში ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების ვადა საბოლოოდ გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
6 სექტემბერს ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტის ბოლო მილის შედუღება განხორციელდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.
21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.
imedinews.ge