რუსეთის მთავრობამ დოლარში განთავსებული ობლიგაციების პროცენტის სახით $117 მლნ 16 მარტს უნდა გადაიხადოს. გადაუხდელობა, ან დოლარის ნაცვლად რუბლებში გადახდა ქვეყანას დეფოლტების პოტენციურ ტალღამდე მიიყვანს, რაც ჯამში $150 მლრდ–ს შეადგენს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.
სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე დასაფარი სახელმწიფო და კორპორაციული ვალდებულებებიდან რუსეთს $120 მლრდ დოლარში აქვს დენომინირებული, ხოლო დანარჩენი ევროში. რუსეთის სახელმწიფო ვალი შედარებით მცირეა და $40 მლრდ–ს შეადგენს. თუმცა, დეფოლტი კორპორაციულ ვალდებულებებს შეიძლება შეეხოს.
ყველაზე მეტი კორპორაციული ვალი „გაზპრომს“ აქვს ($25 მლრდ). შემდეგ კი მოდიან სხვა მსხვილი რუსული კომპანიები: სბერბანკი, ლუკოილი, რუსეთის რკინიგზა და სხვები.
თუ ობლიგაციების კუპონების გადახდა არ მოხდება, რუსეთი 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ პირველად მივა რუსეთი დეფოლტამდე უცხოურ ვალუტაში. ამ შუალედში რუსეთმა დეფოლტი ერთხელ – 1998 წელს გამოაცხადა, მაგრამ მაშინ ვალდებულებები რუბლში ჰქონდა განთავსებული. ამიტომ იქნება ეს პირველი სავალუტო დეფოლტი 1917 წლის შემდეგ, როდესაც ბოლშევიკურმა მთავრობამ უარი განაცხადა რუსეთის იმპერიის ვალდებულებების გასტუმრებაზე.