ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 4 თებერვალს თბილისის დროით 12:00 სთ-ზე 1 აშშ დოლარის ღირებეულება 2.97-ს შეადგენს. 3.00-ზე ქვემოთ ოფიციალური კურსი ბოლოს 2020 წლის 9 ივნისს დაფიქსირდა.
2020 წლის მარტში, პანდემიის პირველ ეტაპზე მიღებული შოკის შედეგად, სულ რაღაც ორ კვირაში დოლარის ღირებულება 24.7%-ით, 2.79-დან 3.48-მდე გაიზარდა. ივნისში 1 კვირით 3.00-ს ისევ ჩამოსცდა წელი კი 3.27-ით დაასრულა.
მომდევნო 2021 წლის პირველ ოთხ თვეში ლარი ნაბიჯ-ნაბიჯ უფასურდებოდა და აპრილის ბოლოსთვის დოლარი უკვე 3.45 ღირდა. ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში რამდენიმე თვეში 4.00-იანი ბარიერიც გადაილახებოდა, მაგრამ მაისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და 31 დეკემბერს კურსი უკვე 3.10-ს შეადგენდა.
ლარმა გამყარება 2022-შიც განაგრძო. 4 თებერვლის ოფიციალური კურსი 3.0179-ა, ეროვნული ბანკის მიერ საღამოს 17:00 სთ-ზე გამოცხადებული კურსით სავარაუდოდ 20 თვიანი რეკორდი მოიხსნება.
ეროვნულ ბანკამდე რეაგირებას სავალუტო ჯიხურები ახდენენ, სადაც კურსი 3.00-ს უკვე 3 თებერვლის საღამოდან ჩამოსცდა.