ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა 2 წლის ბავშვთან დაფიქსირდა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, კახა იშხნელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ბავშვის ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვთან კორონავირუსი დადასტურდა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა. ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია. ბავშვს არავითარი კლუნიკური გამოხატულება არ აქვს, უბრალოდ ეს არის კვლევის შედეგი“, - აღნიშნა იშხნელმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge