კომპანია Boeing Co-მ მომდევნო ათწლეულებში, გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების პერსპექტივისა და რუსეთის ბაზარზე სანქციების გამო თვითმფრინავების მიწოდების შეზღუდვის ფონზე, კომერციულ თვითმფრინავებზე მოთხოვნის მოლოდინები „შეარბილა“. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კომპანიის უახლესი, გრძელვადიანი კომერციული ბაზრის პროგნოზი მიუთითებს, რომ 2041 წლისთვის მომხმარებელს 41,170 ახალი თვითმფრინავი მიეწოდება. ერთი წლით ადრე, Boeing-ი მომდევნო 20 წლის განმავლობაში 43,610 თვითმფრინავის გაყიდვას ელოდა. მწარმოებელმა წლიურ ჭრილში ასევე შეამცირა მგზავრთნაკადის ზრდის პროგნოზი 4%-დან 3.8%-მდე.
ავიამშენებლის უახლოესი პროგნოზით გამორიცხულია მიწოდება მყიდველებისთვის რუსეთიდან, თუმცა გასულ წელს Boeing ელოდა, რომ რუსი მომხმარებლები მიიღებდნენ 1500-ზე მეტ თვითმფრინავს მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში.
საერთო ჯამში, კომპანია პროგნოზირებს, რომ შეძლებს თვითმფრინავების სტაბილურად გაყიდვას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, რადგან პანდემიის შემდეგ ავიაკომპანიები აფართოებენ თავიანთ ფლოტს.