თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიის ახალმა მოდელმა Boeing 777X-მა საცდელი ფრენა შეასრულა. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ფრენა აშშ-ში ქალაქ ევერეტიდან შესრულდა. თვითმფრინავის ამ მოდელის პრეზენტაცია 2019 წლის მარტში შედგა. ახალი ლაინერი იმით არის გამორჩეული, რომ გაცილებით ცოტა საწვავს მოიხმარს.
ცნობისათვის ახალი მოდელის Boeing 777X-ის გამოცდა კომპანიაში მიმდინარე კრიზისის ფონზე მოხდა.
ამერიკული კორპორაცია Boeing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის მალენბურგმა თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში დატოვა.
კომპანიის ხელმძღვანელის გათავისუფლებას წინ უძღოდა ორი დიდი ავიაკატასტროფა, რომელიც Boeing 737 MAX-მა 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის მარტში განიცადა. 2020 წლის 13 იანვრიდან Boeing-ს დევიდ ქელჰოუნი ხელმძღვანელობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის იანვრიდან Boeing-ი 737 MAX-ის თაობის თვითმფრინავებს აღარ გამოუშვებს.
2018 წლის ნოემბერში Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფის დროს 189 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2019 წლის მარტში ეთიოპიაში ამავე ტიპის თვითმფრინავის ავიაკატასტროფას 35 ქვეყნის 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა.
ამის გამო მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ Boeing 737 MAX-ით ფრენები შეაჩერა.
წყარო:imedinews