ამერიკული Boeing უპილოტო მფრინავი ტაქსის, Wisk Aero-ს განვითარებაში დამატებით 450 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს.
კალიფორნიაში დაფუძნებული Wisk Aero ორ კომპანიას, Boeing-სა და Kitty Hawk-ს ეკუთვნის. Kitty Hawk ელექტრო ვერტიკალური აფრენა-დაფრენის (eVTOL) საჰაერო ტრანსპორტის ფირმაა, რომელიც Google-ის თანადამფუძნებელმა, ლარი პეიჯმა დააარსა. eVTOL-ის სხვა მწარმოებლებისგან Wisk Aero იმით განსხვავდება, რომ კომპანია ავტონომიურ ფრენაზე არის ფოკუსირებული.
„ჩვენი აზრით, Wisk-ის დიდი სტრატეგიული უპირატესობა ის არის, რომ პირდაპირ უპილოტო თვითმფრინავზე გადასვლა სურს და ამ პრინციპს თავისი დიზაინისა და განვითარების ყველა დონეზე ნერგავს,“ - აცხადებს Boeing-ის მთავარი სტრატეგიული ოფიცერი, მარკ ალენი.
თუმცა, Reuters-ის შეფასებით, პილოტირებადი eVTOL თვითმფრინავების თაობის უპილოტოებით გადალახვას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მართვადი eVTOL-ების კონკურენტი სტარტაპები და საჰაერო ჯგუფები აანონსებენ. მათი უმეტესობა სამიზნე თარიღად 2024 წელს ასახელებს.
Boeing ე.წ. მეექვსე თაობის Wisk-ის სამგზავრო-საჰაერო მანქანის თარიღის დასახელებაზე უარს აცხადებს, თუმცა ინდუსტრიის წყაროების ცნობით, სერტიფიცირებაზე მისი წარდგენა 2028 წლისთვის იგეგმება. Boeing-ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ეს აშშ-ში სერტიფიცირებული პირველი ავტონომიური მართვის სამგზავრო-საჰაერო მანქანა იქნება.
Wisk Aero-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ Boeing-ის 450 მლნ დოლარის ინვესტიცია მას სექტორის „ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაფინანსებულ“ კომპანიად გადააქცევს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სერტიფიცირების გრაფიკი ზოგადი პრობლემაა სექტორის ყველა დებიუტანტისთვის, როგორიც არის კალიფორნიული eVTOL-ის ფირმები, Joby და Archer, ასევე, ევროპული კონკურენტები, Lilium და Vertical Aerospace.
BPN.GE