ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს

access_time2021-05-31 12:30:01

ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც.


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სეზონური ჰესი 2004 წელს ახმეტაში აშენდა, ხადორჰესში ჩინური ინვესტიცია ჩაიდო. მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგვატია, 2020 წელს ჰესმა 108 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც ჯამური გენერაციის 0.97% და ჰიდროგენერაციის 1.3%-ს შეადგენს.


2004-2012 წლებში ჰესების ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი გაიყიდა, დაიწყო ფარავანჰესის მშენებლობა, თუმცა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დერეგულირებულ (13 მგვტ-მდე სიმძლავრის) ახალი ჰესი ექსპლუატაციაში არ შესულა.


19.5 მგვტ ლარსი ჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ჰესმა 2020 წელს 72 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა. 2014 და 2016 წლებში ჰესი ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა, თუმცა რეაბილიტაცია წარმატებული გამოდგა. ჰესების მოწინააღმდეგეების მტკიცებით მეწყერულ ზონაში ენერგოპროექტი განხორციელება დაუშვებელია, რაზედაც მომხრეები პასუხობენ, რომ იმავე ლოგიკით რუსეთის საზღვართან არსებული საბაჟოც უნდა გაუმდეს, რასაც არავინ ითხოვს.


87 მეგავატი სიმძლავრის ფარავანჰესი ექსპლუატაციაში 2014 წლის ოქტომბერში შევიდა. მისი მშენებლობა $200 მლნ დაჯდა. 2020 წელს ჰესმა 325 მლნ კვტ/სთ, 2015-2020 წლების კი ჯამში 2.230 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა. საშუალოწლიური გამომუშავება მიმდინარე პერიოდში -372 მლნ კვტ/სთ.  ყველაზე ნაყოფიერი ჰესისთვის 2016 წელი გამოდგა, როდესაც მან ქსელს 428 მლნ კვტ/სთ მიაწოდა, 2020 წელთან შედარებით 32%-ით მეტი. აღსანიშნავია, რომ მცირე პროტესტის მიუხედავად, ფარავანჰესის მშენებლობას განსაკუთრებული უკმაყოფილება არ მოჰყოლია. 2020 წელს არახელსაყრელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით ჰესის გენერაცია 325 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა, მაგრამ კლების მიუხედავად, მან ჯამური გენერაციის 2.91% მაინც გამოიმუშავა.


ბოლო პერიოდში აშენებული ჰესებიდან ყველაზე მეტი კრიტიკა დარიალჰესსა და შუახევ ჰესს დაატყდა თავს. დარიალჰესის მშენებლობა 2011 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაიწყო. 10 წლის წინ მესამე პრეზიდენტი ჰესების საჭიროებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ელექტროენერგიის ექსპორტით მისაღებ სარგებლიანობაზე ხშირად საუბრობდა. აანონსებდა ხუდონისა და ნამახვანის მშენებლობას, თუმცა 10 წლის შემდეგ საკუთარ ძველ პოზიციებს რადიკალურად დაუპირისპირდა.


გარემოზე მავნე ზემოქმედების ბრალდებით ჰესს მწვანეთა ჯგუფი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თავიდანვე დაუპირისპირდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მდინარე თერგის მილებში მოქცევით მხარე ტურისტულ პოტენციალს დაკარგავდა და მიყენებული ზარალი ელექტროენერგიის გენერაციით მისაღებ სარგებელს ბევრად გადააჭარბებდა. კრიტიკის განსაკუთრებული მიზეზი ხდებოდა ის ფაქტი, რომ მთელი 8 კმ-ის მანძილზე ბუნებრივ კალაპოტში თერგის წყლის მხოლოდ 10% რჩებოდა, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე მგრგვინავ მდინარეს ნაკადულამდე აპატარავებდა და წითელ წიგნში შეტანილ კალმახსაც აქრობდა.


მათი მეორე ბრალდება უსაფრთხოებას ეხებოდა. აქცენტები მეწყერსაშიშ ზონაზე კეთდებოდა. 2014 წელს ხეობაში მართლაც ჩამოწვა 2 დიდი მეწყერი,მათგან პირველმა 17 მაისს 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გამოიწვია თუ არა სტიქია ჰესმა? ეკოლოგები და გეოლოგები არ უარყოფენ, რომ ხეობა ისედაც საშიშია. კატასტროფები არეალში 1776 წლიდანაა აღწერილი, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბური 1832 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა მათივე მტკიცებით ჰესმა პროცესები დააჩქარა.


თავად ჰესიის ხელმძღვანელობა მომხდარ სტიქიებთან მათ კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მათივე მტკიცებით 10% უბრალოდ ზღვარია, თორემ რეალურად ბუნებრივ კალაპოტში წყლის 30%-ზემეტი რჩება და ფოტოები რომლებიც სოციალური ქსელით რამდენჯერმე გავრცელდა წარწერით „ჰესამდე და ჰესის შემდეგ“ რეალურად წლის სხვადასხვა პერიოდშია გადაღებული სხვადასხვა ადგილიდან.



ჰესს დამატებითი პრობლემა გახსნის შემდეგ შეექმნა. 2017-2020 წლებში მან დაგეგმილი 2.040 მლრდ კვტ/სთ-ის მაგივრად მხოლოდ 1.223 მლრდ კვტ/სთ, ანუ 40%-ით ნაკლები გამოიმუშავა. თუ მხოლოდ პირველ 3 წელს ვიანგარიშებთ, მდგომარეობა უფრო დამძიმდება და საპროგნოზო 1.530 მლრდ კვტ/სთ 778 მლნ-მდე შემცირდება, რაც დაგეგმილის მხოლოდ 51%-. საგულისხმოა, რომ დარიალჰესი დაგემილ სიმძლავრეს მხოლოდ 2020 წელს მიუახლოვდა, კლიმატური თვლასაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პერიოდში. 2017-2019 წლებში განახევრებულ გენერაციის მიზეზად ელექტროგადამცემი ხაზის უქონლობა დასახელდა, რომლის მიყვანაც დაგვიანებით მხოლოდ 2020 წელს მოხერხდა. 2020 წელს ჰესმა 446 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა - ჯამური გენერაციის 4%.


დარიალჰესი იმ გამონაკლის ჰიდროელექტროსადგურებს შორის მოხვდა რომლის მშენებლობაც EBRD-მ დააფინანსა. გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მშენებელს კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე 400 000 ნერგის დარგვა დაევალა. ხეების ნაწილი უკვე დაირგო.


2017 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი - 187 მგვტ-იანი შუახევჰესი შევიდა ექსპლუატაციაში თუმცა მან იმ წელს 450 მლნ კვტ/სთ-ის მაგივრად მხოლოდ 3.2 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლო, 2018-2019 წლებში 0-ის. 2020 წელს კი 258 მლნ კვტ/სთ, რაც ასევე 35%-ით ჩამორჩება გეგმიურ მაჩვენებელს, აღნიშნული შეიძლება ისევ და ისევ არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს მიეწეროს.


გვირაბში მომხდარ ავარიას მსხვერპლი არ გამოუწვევია, მაგრამ ინვესტორი $100 მლნ-ით აზარალა და საერთო ჯამში მისმა ხარჯებმა $0.5 მლრდ-ს გადააჭარბა. როგორც კომპანიაში განმარტეს ავარია განსხვავებულმა ქანებმა და არასაკმარისმა გეოლოგიურმა კვლევებმა გამოიწვია. არაოფიციალური ინფორმაციით მშენებელმა ხარისხისა და უსაფრთხოების ხარჯზე ეკონომიის გაწევა სცადა, რაც საბოლოო ჯამში უფრო ძვირი დაუჯდა.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა ხარჯის გაღება თავად ინვესტორს მოუწია და არა სახელმწიფოს. სახელმწიფოს ზარალი ის იყო, რომ 2 წელი დაუგეგმავად ზედმეტი იმპორტი უხდებოდა, მაგრამ მთავარი ფისკლალური ტვირთი მაინც ჰესის მფლობელს დააწვა.


2016-2018 წლებში აჭარაში კიდევ 2 ელექტროსადგური ხელვაჩაური ჰესი 1 და კირნათი ჰესი შევიდა. 2020 წელს ხელვაჩაური ჰესმა 163 მლნ კვტ/სთ, კირნათიჰესმა კი 81 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.


2018 წლიდან მუშაობს ასევე ოლდენერჯი ჰესიც. კირნათიჰესის მსგავსად 2020 წელს მანაც 81 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.


2019 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით 20 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალაჰესი 1-მა 21 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა და მას შემდეგ სტიქიის დატდომის შედეგად გამოწვეული ავარიის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა. 30 მგვტ-იანი მესტიაჭალაჰესი 2 კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 2020 წელს მან სისტემას 93 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა.


თუ დავაჯამებთ, გამოვა რომ კოვიდეკონომიკური კრიზისის პირობებში, რასაც თან არახელსაყრელი კლიმატური პირობებიც დაერთო, XXI საუკუნეში აშენებულმა ჰესებმა, დერეგულირებული ჰესების გამოკლებით, 1.628 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, იმორტირებულ ელექტროენერგიაზე ოდნავ მეტი. თუ ამ ჩამონათვალს, ბოლო 5 წელიწადში ამოქმედებულ დერეგულირებულ ჰესებსაც დავუმატებთ: კინტრიშა, კასლეთი, საგურამო ჰესი და ა.შ. მაშინ ახალი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 1.7 მლრდ კვტ/სთ-ს სცდება, რაც თავის მხრივ ჯამური გენერაციის 15%-ს აღემატება, ჰიდროგენერაციაში კი 20.6%-იანი წილი უკავია. ჩამოთვლილი ჰესებიდან 2010 წლამდე მხოლოდ ხადორი აშენდა.


2020 წელს საქართველომ 1.610 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტში $64.5 მლნ გადაიხადა, ანუ 1 კვტ/სთ-ში 4 ცენტი, თუმცა ფასები პანდემიამ შეამცირა. 2019 წელს საქართველოს 1.626 მლრდ კვტ/სთ-ის იმპორტი $78.3 მლნ დაუჯდა ანუ 1 კვტ/სთ - 4.8 ცენტი. გამოდის, რომ პანდემიური ფასებით საქართველომ გასულ წელს იმპორტში ახალი ჰესებით მინიმუმ $68 მლნ, საბაზრო ფასებით კი $82 მლნ დაზოგა, თუმცა რეალურად შეიძლება დაზოგილი თანხა უფრო მეტიცაა, რადგან ელექტროენერგიას, რომელსაც მეზობელი ქვეყნებისგან ვყიდულობთ თავად ამ ქვეყნებშიც ლიმიტირებულია. კიდევ ერთი გამოსავალი თბოსადგურების სიმძლავრეების გაზრდა იქნებოდა, რაშიც საქართველოს ასევე იმპორტირებულ ბუნებრივ გაზში მინიმუმ $70 მლნ-ის გადახდა მოუწევდა.


2020 წელს მდინარეების მცირე ჩამონადენის გამო თითოეული ჰესის საშუალო გამომუშავება დაახლოებით 15-20 პროცენტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკვე აშენებული ახალი ჰესები არა 1.7 მლრდ-ს არამედ მინიმუმ 1.9 მლრდ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.


მტკიცება იმის შესახებ, რომ ახალი ჰესები არ მუშაობს მცდარია. მათ მშენებლობისა თუ ექსპლუატაციის სხვადასხვა ეტაპზე მართლაც ჰქონდათ სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ პრობლემათა უმეტესობა ამ დროისათვის აღმოფხვრილია.


საქართველოში კი, როგორც განვითარებად ქვეყანაში ენერომოხმარება მუდმივად იზრდება. გაზისა და ნავთობის არქონის პარალელურად ქვეყანა საკუთარი ჰიდრორესურსის მხოლოდ 20-25 პროცენტს იყენებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up