ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებისა და გარემოსთვის - ტყის ხანძრებია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც სეზონის დაწყებისთანავე ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად აუცილებელი ხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება. თუმცა პრობლემა სეზონის დადგომამდეც აქტუალურია, რასაც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც მოწმობს.
2022 წლის ორ კვარტალში ხანძრების რაოდენობამ 5 574 შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 6 286 იყო. დაღუპულთა რიცხოვნობამ 32, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობამ 98 შეადგინა. რაც შეეხება ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობას და დაღუპულ მსხვილფეხა პირუტყვს, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და შესაბამისად 195-ს და 28-ს გაუტოლდა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წელიწადში ტყის ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2017 წელს მოხდა და 15 222 შეადგინა. ამ წელს ხანძარი იყო ბორჯომის ტყეში, აბასთუმნის ტყეში, ასევე ხანძარი რამდენჯერმე გაჩნდა მაღალმთიან აჭარაშიც. ხანძრის შედეგად ყველაზე მეტი, 79 ადამიანი 2017 წელს დაიღუპა. ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობის რაოდენობამ მაქსიმუმს 2014 წელს მიღწია.