„ბოლო ორ წელში სარესტორნო ბიზნესი 30-40 ათასმა დასაქმებულმა დატოვა“, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კადრების გადინება პანდემიის დროს სარესტორნო ბიზნესში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია, დღეს კი მათი უმრავლესობა ან სხვა სფეროშია გადასული ან საზღვარგარეთ წავიდა, რაც სარესტორნო ბიზნესში პროფესიონალების დეფიციტს იწვევს.
„პანდემიის დროს რესტორნების დაახლოებით 30-40% დაიხურა და მათ ადგილას აფთიაქი ან მაღაზია გაიხსნა. ჩვენს სფეროში პირდაპირ თუ ირიბად დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე დასაქმებული იყო, რომელთაგან 30-40 ათასმა ბოლო 2 წელიწადში სამსახური დაკარგა და მათი უმრავლესობა ან სხვა სფეროში გადავიდა ან ქვეყანა დატოვა.
ბევრმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო ხელფასების ისე მომატება როგორც ბაზარი და ინფლაცია მოითხოვს. ეს გარდაუვალია, მაგრამ ამ ეტაპზე კომპანიები ცდილობენ მენიუში ფასები შეინარჩუნონ და არ გაზარდონ, თუმცა ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ფასები აუცილებლად მოიმატებს და ვიმედოვნებთ ეს დასაქმებულების ხელფასებზეც აისახება“, — ამბობს ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ დღეს სარესტორნო ბიზნესის დიდი ნაწილი იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე პანდემიამდე იყო და შემოსავლების ზრდა გრძელდება.