ესტონურმა კომპანიამ Bolt, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს, ბიზნეს თანამშრომლობა შეაჩერა რუსული კომპანიების საკუთრების ქვეშ არსებულ იურიდიულ პირებთან საქართველოში. მან უკვე შეწყვიტა ფუნქციონირება ბელარუსში და ფულადი თანხით დაეხმარა უკრაინელ ხალხს.
,,ბოლო დღეებში გადავწყვიტეთ, უბრალო პოსტების ნაცვლად, მოქმედებაზე გადავსულიყავით. აი, რაზე ვიმუშავეთ: უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, Bolt-ის ყოველი შესრულებული შეკვეთიდან ევროპის რეგიონში, 5%-ს უკრაინის დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის, წითელი ჯვრის საზოგადოებაში გადავრიცხავთ. მომავალი ორი კვირის განმავლობაში 5 მილიონ ევროს შევაგროვებთ. პირველი მილიონი ევრო კი 1 მარტს გადავრიცხეთ.
ამასთან ერთად, ჩვენ უკვე შევაჩერეთ Bolt-ის ოპერირება ბელარუსში; გავაუქმეთ Bolt Business თანამშრომლობა რუსული კომპანიების საკუთრების ქვეშ არსებულ იურიდიულ პირებთან საქართველოში და შევწყვიტეთ რუსული წარმოების პროდუქტების გაყიდვა Bolt Market-ში. გაყიდვიდან ამოღებული პროდუქცია კი ქველმოქმედებას მოხმარდა. ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინას". - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.