ბორჯომის ქარხნის ახალ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა, შემცირებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს, უქმე დღეებისა და ღამის ცვლის ანაზღაურება. კომპანიაში დასაქმებულები ამბობენ, რომ ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციამ უკვე 10-მდე შეხვედრა გამართა მათთან და ყველა შეხვედრა იყო მცდელობა, დაეთანხმებინა მუშები ახალ პირობებზე. მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიაში დასაქმებულები ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისგან თავს უკავებენ. კომპანია მათ დასათანხმებლად პირობას დებს, რომ აპრილიდან 10%-ით გაზრდის ხელფასებს, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ახალ ხელშეკრულებაზე დასაქმებულების ხელმოწერა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ვადა გაუვიდა ექვსთვიან ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც ბორჯომში დასაქმებულებმა 2022 წლის ზაფხულში გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ზაფხულში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ახლა კომპანიამ თანამშრომლებს ან ახალი პირობები უნდა შესთავაზოს, ან ძველით გააგრძელონ მუშაობა. გაგრძელდება თუ არა შეხვედრა პროფკავშირებსა და დასაქმებულებს შორის - დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად შეთანხმდებიან დამსაქმებელი და დასაქმებულები.
რის შეთავაზებას აპირებს ასობით თანამშრომლისთვის აიდიეს ბორჯომი საქართველო და რატომ შეამცირა ახალ ხელშეკრულებაში ზეგანაკვეთური და მოცდენის ანაზღაურების პროცენტი - ამ საკითხზე ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო: radiotavisupleba.ge/