ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი შეძრწუნებულია ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენით, ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და მინისტრებს სთხოვა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თავიანთ ოჯახებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა.
„ჩვენ სრულად ვგმობთ ამ ადამიანების მიმართ გამოტანილ ყალბ განაჩენს. საერთოდ არ არსებობს გამართლება იმ დაცვის უფლების დარღვევისთვის, რომელიც მათ აქვთ. ჩვენი პრიორიტეტია უკრაინის მთავრობასთან მუშაობა, რათა მოხდეს მათი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლება“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
მისი განმარტებით, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრებს, მათ ჟენევის კონვენცია იცავს.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.