მონტრეს კონვენციით, თურქეთისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეზე გავლის ფასს ქვეყანა 5-ჯერ გაზრდის. განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან, 1 ტონაზე გადასახადი 0.8 დოლარიდან 4 დოლარამდე მოიმატებს, რამაც შემოსავალი 40 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე უნდა გაზარდოს.
ლოგისტიკურ კომპანია „კარგო პარსელში“, რომელიც საბაჟო საწყობის ტერმინალს ფლობს და ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული აღნიშნავენ, რომ ბოსფორის სრუტე შავიზღვისპირეთის ქვეყნებთან ვაჭრობისთვის ერთადერთი საზღვაო გზაა ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შესასვლელად, შესაბამისად „კარგო პარსელის“ ბათუმის ტერმინალის დირექტორი ირაკლი ღოღობერიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ტარიფების მომატება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების გაძვირებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება არა მხოლოდ ბიზნესზე არამდე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეც.
„საქართველო აქტიურად არის ჩართული ექსპორტ-იმპორტის სფეროში, შესაბამისად, ეკონომიკის ძირითად ნაწილს სწორედ საგარეო ვაჭრობა შეადგენს. რა თქმა უნდა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის საფასურის ხუთჯერადი ზრდა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორც ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი, ლოჯისტიკის სფეროდან რომელიც ემსახურება როგორც იმპორტირებულ ასევე ტრანზიტულ ტვირთებს, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ტარიფების მომატება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების გაძვირებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება არა მხოლოდ ბიზნესზე არამდე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეც.
იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად იზრუნებს, რომ აღნიშნული ზრდა ნალებად მტკივნეული იყოს სრულიად საქართველოსთვის როგორც იცით ოდითგანვე შავ ზღვას უდიდესი სავაჭრო და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს მისი მოსაზღვრე თუ არამოსაზღვრე ქვეყნებისთვის, ბოსფორის სრუტე კი შავიზღვისპირეთის ქვეყნებთან ვაჭრობისთვის ერთადერთი საზღვაო გზაა ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შესასვლელად, შესაბამისად ეს სრუტე საქართველოსთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნავს ირაკლი ღოღობერიძე.
1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის შესაბამისად, აღდგა თურქეთის სუვერენიტეტი სრუტეებზე, კომერციული გემებისათვის ამ სრუტეებში გავლა კი მშვიდობიანობისა და ომიანობის დროს გახდა თავისუფალი. შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს სრუტეებში ატარებენ არსებითი შეზღუდვების გარეშე, სხვა ქვეყნების სამხედრო გემების გატარება იზღუდება მათი კლასის, ტონაჟის და შავ ზღვაში ყოფნის ვადების მიხედვით.