ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სავაჭრო გემების გატარებისთვის თურქეთის წლიური შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება. აღნიშნულის შესახებ CNN Türk-თან ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე კვირაში იგეგმება მოსაკრებლების ოდენობის გაზრდა, რომელიც 1983 წლიდან უცვლელია. იგი გამოითვლება ოქროს ფრანკის საფუძველზე 1936 წელს მონტრეს კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც არეგულირებს ნაოსნობას სრუტეებში.
„ჩვენ განვაახლეთ სრუტეებზე გადასახადების აკრეფის სისტემა და გამოვაცხადეთ მსოფლიოს, რომ მას ყოველწლიურად შევცვლით 1 ივლისს. ჩვენ ვსაუბრობთ გემების გადაადგილების საფასურის გაზრდაზე შეჩერების გარეშე. წლის განმავლობაში საუბარია შემოსავლის 30 მილიონი დოლარიდან 200 მილიონ დოლარამდე ზრდაზე“, - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა.
მონტრეს კონვენციაზე ხელმოწერისას ოქროს ფრანკი 0,8 დოლარს უტოლდებოდა, ახლა ღირებულება 4,08 დოლარამდე გაიზარდა. კონვენციის მეორე მუხლის მიხედვით, სრუტეებში გემების გატარების საფასურის ამოღება ხორციელდება სამედიცინო კონტროლის, შუქურებისა და გემების ევაკუაციის სერვისებისთვის. ამ შემთხვევაში მოსაკრებლების მთლიანი ოდენობა განისაზღვრება სავაჭრო გემის წმინდა ტონაჟის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ახალი სატარიფო განაცხადი ძალაში 7 ოქტომბრიდან შედის, რომლის შედეგადაც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეზე გავლის ფასს ქვეყანა 5-ჯერ გაზრდის.