აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში მდებარე ცნობილი „ვიწრო სახლი“ 1,25 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Assosiated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სახლი ერთ კვირაში გაიყიდა. ოთხსართულიანი შენობა 1862 წელს აშენდა. მისი ფართობი 1 165 კვადრატული მეტრია. სახლის სიგანე ყველაზე ფართო ადგილას მხოლოდ 3 მეტრს შეადგენს, ყველაზე ვიწრო მონაკვეთში კი 2,8 მეტრს. სახლში 2 საძინებელი და 1 სველი წერტილია. შენობას წინა კარი არ აქვს და მასში შესვლა მხოლოდ გვერდითა კარიდან შეიძლება. სამაგიეროდ, სახლიდან ბოსტონის ნავსადგურის ხედი იშლება.
ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ორმა ძმამ მემკვიდრეობით მიწის ნაკვეთი მიიღო. ერთი ჯარს შეუერთდა და სანამ მსახურობდა, მეორე ძმამ მიწაზე დიდი სახლი ააშენა, რომელიც ნაკვეთის უდიდეს ნაწილს იკავებდა. სახლში დაბრუნებულმა ჯარისკაცმა კი „ვიწრო სახლი“ ააგო, რითაც ძმის სახლიდან გაშლილი ხედი გააფუჭა.
imedinews.ge