TANAP მილსადენით წელიწადში გაზის ექსპორტის 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა არის დაგეგმილი, საიდანაც 9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიას მიეწოდება. ამის შესახებ ბრიტანული კომპანია bp-ის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონულმა პრეზიდენტმა, გარი ჯონსმა ბაქოში, 27-ე ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.
მისი თქმით, ტარდება სამუშაოები გაზის საბადოების გაფართოებისა და წარმოების გაზრდის მიზნით. ამასთან, გაიზრდება გაზის სამხრეთ დერეფნის როლი და ექსპორტი, რა მიზნითაც, ჯონსის თქმით, ფინანსურ ინსტიტუტებთან ინვესტიციების მიზიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
bp-ის რეგიონული პრეზიდენტი ამბობს, რომ აზერბაიჯანში, კერძოდ, ყარაბაღში მზის სადგურების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ამ პროექტის განხორციელება გაზის მოხმარებას შეამცირებს და ქვეყანას მისი ექსპორტის გაზრდაში დაეხმაება.
გარდა ამისა, ჯონსის თქმით, აზერბაიჯანს კასპიის ზღვაში სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის ქარის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომლის ექსპორტზე გატანაც არის შესაძლებელი.