ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას, გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ფინანსური მდივნის ლუსი ფრეიზერის განცხადებაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ლონდონმა რუსული კომპანიები საკუთარი ბირჟიდან გააძევა. თავად მოსკოვის ბირჟა, კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, თითქმის მთელი თვით დაიკეტა, რაც მისი არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.
წლის დასაწყისიდან დღემდე MOEX-ის (მოსკოვის საფონდო ბირჟა) ინდექსი 39%-ით შემცირდა, ბირჟის ხელახალი გახსნიდან დღემდე 8%-ით, მხოლოდ 19 აპრილს კი დამატებით 3%-ით.
ბრიტანეთის ახალი გადაწყვეტილება, სამომავლოდ რუსეთში რაიმე სახის ინვესტირებას კიდევ უფრო გაართულებს. პარალელურად ბორის ჯონსონსა და ჯო ბაიდენს სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად სამშაბათს ონლაინ შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, სადაც შესაძლოა სანქციების გამკაცრებაზეც იმსჯელონ.
არსებული სანქციებითაც კი მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის 11.3%-იან შემცირებას პროგნოზირებს. იმ შემთხვევაში თუ ემბარგო ენერგორესურსებსაც შეეხო, მაშინ ვარდნა ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.