კანონმდებლობა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუშვებს, დღეს შევა ძალაში. განცხადება საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.
გაერთიანებული სამეფოს ევროპის საკითხების მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ კანონს ხელი დღეს მოაწერა და აღნიშნა, რომ “მთავრობას ექნება უფლება დააწესოს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა პარლამენტში წარსდგა, რათა მოუწოდოს კრემლს, შეწყვიტოს აგრესიის კამპანია უკრაინაში”.
ეს იქნება ყველაზე მკაცრი სანქციების რეჟიმი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს რუსეთის წინააღმდეგ გამოუყენებია.
გაერთიანებულ სამეფოს უკვე შეუძლია სანქციების დაწესება რუსი ბიზნესისა და ფიზიკური პირების მიმართ ეკონომიკური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების ფართო სპექტრში. სანქციები ასევე შეეხება თავდაცვის, ფინანსური მომსახურებისა და სხვა ინდუსტრიებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა აღნიშნა, რომ “დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციასა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას უკრაინის მიმართ, დიდი ბრიტანეთი და მისი პარტნიორები სანქციებს დაუყოვნებლივ აამოქმედებენ. კანონმდებლობის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია სანქციები დაუწესოს არა მხოლოდ იმ პირებს, ვინც პირდაპირ კავშირშია უკრაინის დესტაბილიზაციასთან, არამედ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ პირებსა და ბიზნესებს, ასევე მათ მფლობელებს და რწმუნებულებს, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის მთავრობისთვის”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Businessformula.ge