დიდმა ბრიტანეთმა 18 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვის Novavax-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ორდოზიანი ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯერ უცნობია როდის მიიღებს ქვეყანა პრეპარატს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა კომპანიასთან ჯერ კიდევ 2020 წელს 60 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმდა. ქვეყნის მარეგულირებელმა სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ Novavax-ი უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტიანობის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ივნისში, აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Novavax-ი 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის, მათ შორის „დელტას“ წინააღმდეგ. დეკემბერში მოპოვებული მონაცემებით კი ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგაც ეფექტიანია.
Novavax-ი ბრიტანეთში დამტკიცებული მეხუთე ვაქცინა გახდა. ქვეყანაში უკვე იყენებენ AstraZeneca-ს, Pfizer-BioNTech-ს, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს.
imedinews.ge