ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა მხარი დაუჭირა Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას შეერთებულ შტატებში.
ასანჟს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 2 კვირა აქვს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მანამდე, 20 აპრილს, ლონდონის სასამართლომ ორდერი გასცა WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის თაობაზე.
აშშ-ში ასანჟს შესაძლოა 175 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.
აშშ-ში ასანჟს საერთო ჯამში წაყენებული აქვს 18 ბრალდება, მათ შორის ჯაშუშობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში, რაც WikiLeaks-ის მიერ ამერიკის სხვადასხვა უწყების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას უკავშირდება. პროექტმა გაასაჯაროვა იმ დოკუმენტებიც, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერებმა მოიპოვეს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კამპანიის ფარგლებში, მაგრამ ბრალდებები თავად არჩევნებში ჩარევას არ უკავშირდება.
ასანჟმა 2012 წელს თავი შეაფარა ლონდონში ეკვადორის საელჩოს, ვინაიდან შვედეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა სექსუალური ძალადობის ბრალდებით. მოგვიანებით შვედეთმა გააუქმა მის წინააღმდეგ ბრალდება, მაგრამ ექსტრადიციის მოთხოვნა დაიწყო აშშ-მა. 2019 წელს ეკვადორმა ასანჟს შეუწყვიტა თავშესაფარი და ის ბრიტანეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. მას შემდეგ ის ციხეში იმყოფება, სასამართლო კი მისი ექსტრადიციის საკითხს განიხილავდა. მაგრამ აპრილში დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკუაგდო ასანჟის ექსტრადიციაზე აპელაცია.